ათეროსკლეროზი - დაავადება, რომლის დროსაც თქვენი არტერიების კედლების შიდა ნაწილში გროვდება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქები. არტერიები - ეს არის სისხლძარღვები, რომლებიც ატარებენ ჟანგბადით მდიდარ სისხლს თქვენი გულის და სხეულის სხვა ნაწილებისკენ.
"ფოლაქები" შედგება ცხიმისგან, ქოლესტერინისგან, კალციუმისა და სისხლში არსებული სხვა ნივთიერებებისგან. დროთა განმავლობაში "ფოლაქების" ფენა, მყარდება და ავიწროვებს არტერიების სანათურს. ეს კი ზღუდავს ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას მთელ სხეულში.
ათეროსკლეროზს შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გულის შეტევა, ინსულტი და სიკვდილიც კი.
ათეროსკლეროზი
A სურათზე ნაჩვენებია ნორმალური არტერია ნორმალური სისხლდინებით. ჩართული გამოსახულება გვიჩვენებს ნორმალური არტერიის განივ ჭრილს. B სურათზე კი ვხედავთ არტერიას ათეროსკლეროზული ზრდადი ფოლაქით გრძივ და განივ ჭრილებში.
ათეროსკლეროზთან დაკავშირებული დაავადებები.
ათეროსკლეროზს შეუძლია დააზიანოს ორგანიზმის ნებისმიერი არტერია, გულის, ტვინის, ხელების, ფეხების, მენჯის და თირკმლების არტერიების ჩათვლით. შედეგად ვითარდება სხვადასხვა დაავადება.
გულის იშემიური დაავადება.
გულის იშემიური დაავადება (გიდ), ასევე მოიხსენება, როგორც კორონარული არტერიების დაავადება და წარმოიშვება კორონარულ არტერიებში ათ/ფოლაქების დაგროვებისას. ეს არტერიები კი უზრუნველყოფენ ჟანგბადიანი სისხლის გულში მიწოდებას.
ფოლაქები ავიწროვებენ კორონარულ არტერიებს და ამცირებენ სისხლის მიდინებას გულის კუნთში. ამ ფოლაქებზე ნადების ზედდება კი ქმნის თრომბების წარმოქმნის შესაძლებლობას თქვენს არტერიებში. სისხლის შედედებულმა გროვებმა შესაძლოა ნაწილობრივ ან სრულად მოახდინონ სისხლის დინების ბლოკირება. ასეთ შემთხვევაში ვითარდება სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში ან დისკომფორტი) ან გულის შეტევა.
ნადები შეიძლება განვითარდეს გულის ყველაზე მცირე არტერიებშიც, რასაც კორონარული მიკროსისხლძარღვოვანი დაავადება (MVD) ეწოდება.
კორონარული MVD -ს დროს ათ/ფოლაქი არ იწვევს არტერიების ბლოკირებას, როგორც ეს გიდ-ს დროს ხდება.
კაროტიდული არტერიების დაავადება ვითარდება მაშინ, როცა ფოლაქები გროვდება კისრის არტერიებში ორივე მხარეს (საძილე არტერიები). ამ არტერიებით მიეწოდება სისხლი თავის ტვინს. თუ სისხლის მიდინება ტვინში მცირდება ან იბლოკება, ადამიანს უვითარდება ინსულტი.
პერიფერიული არტერიების დაავადება.
პერიფერიული არტერიების დაავადება (PAD) ვითარდება, თუ ათ/ფოლაქები დაგროვდა ფეხების, ხელების და მენჯის ძირითად არტერიებში. ასეთ შემთხვევაში სისხლის ნაკადის შემცირება ან ბლოკირება გამოიწვევს დაბუჟებას, ტკივილს და ზოგჯერ საშიშ ინფექციებს.
თირკმლების ქრონიკული დაავადება.
- შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როცა ათ/ფოლაქები დაგროვდა თირკმლების არტერიებში. ამ არტერიებით მიეწოდება სისხლი თირკმლებს.
დროთა განმავლობაში თირკმლის ქრ. დაავადება თავად იწვევს თირკმლების ფუნქციების თანდათანობით დაკარგვას. მისი ძირითადი ფუნქცია კი მდგომარეობს ნარჩენებისა და ზედმეტი წყლის გამოდევნაში.
მიმოხილვა.
ათეროსკლეროზის განვითარების მიზეზი უცნობია. თუმცა გარკვეულ მახასიათებლებს, პირობებს და ჩვევებს შეუძლიათ გაზარდონ დაავადების რისკი. ეს პირობები ცნობილია, როგორც რისკის ფაქტორები. თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ ზოგიერთი რისკის ფაქტორი, როგორებიცაა ფიზიკური აქტივობის არქონა, თამბაქოს მოწევა და არაჯანმრთელი დიეტა, მაგრამ ვერ გააკონტროლებთ ასაკს და გულის დაავადებების ოჯახურ ისტორიას.
ათეროსკლეროზით დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს არ აქვს გამოხატული ნიშნები და სიმპტომები. მათი დიაგნოსტირება არ ხერხდება ინფარქტის ან ინსულტის ჩამოყალიბებამდე.
ათეროსკლეროზის მკურნალობის ძირითად მეთოდად ითვლება ცხოვრების წესის შეცვლა. ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს წამლები და სამედიცინო პროცედურები.
პროგნოზი.
მკურნალობის გაუმჯობესებულმა მეთოდებმა შეამცირეს ათეოსკლეროზთან დაკავშირებული დაავადებებისგან გამოწვეული სიკვდილიანობა და გააუმჯობესეს დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი, თუმცა ათეროსკლეროზი რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საერთო პრობლემად.
თქვენ შეგიძლიათ აღკვეთოთ ან შეაჩეროთ ათეროსკლეროზი და მისგან გამოწვეული დაავადებები. ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანმრთელობაზე მუდმივი მეთვალყურეობა დაგეხმარებათ აიცილოთ ათეროსკლეროზთან დაკავშირებული პრობლემები და იცოცხლოთ ხანგრძლივი ჯანმრთელი ცხოვრებით.
Comments