ბავშვთა ასაკიდანვე ათეროსლეროზისა და გულის იშემიური დაავადების პრევენციის მართვის ხუთი ეტაპია:
I ეტაპი _ რისკ-ფაქტორების გამოვლენა: ანამნეზი, ანტროპომეტრია, არტერიული წნევის გაზომვა, კვების ხასიათის შეფასება, ემოციონალური ტონუსის გამოკვლევა. ანამნეზში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ბავშვთა დღენაკლულობა (თუ ეს შესაძლებელია) და მისი ხასიათი, ბავშობაში გადატანილი დაავადებები ( კარდიტები, რევმატოიდული ართრიტი, კარდიოპათია, ვეგეტოსისხლძარღოვანი დისტონია, მიტრალური სარქველის პროლაფსი, გულის თანდაყოლილი მანკი–აღინიშნოს თუ ნაოპერაციებია და როდის), კარდიოპათია ტონზილიტების ფონზე და ა.შ. რომელიც ხორციელდება უბნის პედიატრისა და სკოლის ექიმის მიერ (თუ ასეთი არის).
II ეტაპი _ ვეგეტატიური ნერვული სისტემის კომპლექსური შეფასება - რეაქტიულობა, მოქმედების ვეგეტატიური უზრუნველყოფა (მეთოდები, კარდიოინტერვალოგრაფია, კლინიკოორთოსტატიკური სინჯი), ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში, ST სეგმენტისა და T კბილის სხვადასხვა ცვლილებათა განსაზღვრით (რა თქმა უნდა, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) _ წარმოებს უბნის პედიატრის ან უშუალოდ ბავშვთა კარდიო–რევმატოლოგის მიერ.
III ეტაპი _ მიმდინარეობს სტაციონარის პირობებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის კომპლექსური კლინიკურ-ინსტრუმენტული გამოკვლევა ლიპოპროტეიდების ფრაქციებში ქოლესტერინის განაწილების ანალიზით, ჰემოსტაზისა და ფიბრინოლიზის სისტემის გამოკვლევა. ჩვენებანი ამ ეტაპზე კვლევისათვის არის ქოლესტერინის შემცველობა 4,4 მმოლ/ზე მაღლა, ტრიგლიცერიდების 0,79 მმოლ/ზე მაღლა, ვეგეტო-სისხლძარღოვანი დისტონია და კლინიკოორთოსტატიკური სინჯების სხვადასხვა ვარიანტები ST სეგმენტის ფორმის, მისი ცთომის, T კბილის სიმაღლისა და სიღრმის განსაზღვრით და გათვალისწინებით (სრულდება ბავშვთა კარდიო–რევმატოლოგების მიერ).
IV ეტაპი _ რაციონალური კვებითი დიეტოლოგიური რეჟიმი, დროული კურორტოლოგიური სეზონური მკურნალობა რეაბილიტაციური ღონისძიებებით (თუ ეს უკანასკნელი საჭიროა), რისკის ჯგუფის ბავშვთა იმუნორეაბილიტაცია და სხვა.
V ეტაპი _ პრევენციული ღონისძიებების დასახვა და გატარება, სამეცნიერო ანალიტიკური ჯგუფის მიერ მიზანდასახულად შედგენილი დაავადებათა პროგნოზირების გამოყენებით აწარმოებს წამყვანი კლინიკები _ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან (ცენტრები, ასოციაციები და სხვა) ერთად. კორონარული და მიოკარდიალური უკმარისობის შესწავლა, შეკუმშვადობის ფუნქციის და მიოკარდიუმის იშემიის დადგენა _ თანამედროვე კარდიოლოგიის ფუნდამენტური კვლევის სფეროებია, ხოლო ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგებისათვის კი უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელი მიმართულებითაც აუცილებელია მეცნიერულ კვლევათა წარმართვა.
Comments