top of page

ენტეროვირუსული ინფექციები


ენტეროვირუსები პასუხიმგებელნი არიან უამრავი კლინიკური სინდრომის განვითარებაზე, მათ შორის ისეთ ფართოდ გავრცელებულ დაავადებებზე, როგორიცაა ხელ-ფეხისა და პირის დაავადება, ჰერპანგინა, მიოკარდიტი, ასეპტიული მენინგიტი და პლეუროდინია.

ეტიოლოგია: ენტეროვირუსები წარმოადგენენ უგარსო, კაფსიდურ, რნმ-ის შემცველ ვირუსებს და მიეკუთვნებიან პიკორნავირუსების ოჯახს. ენტეროვირუსები იყოფა 2 განსხვავებულ კლასად: პოლიოვირუსების (ტიპი1,2,3) და არაპოლიოვირუსების (კოქსაკვირუსები, ენტეროვირუსები, ეხოვირუსები და არაკლასიფიცირებული ენტეროვირუსები). ენტეროვირუსულ ინფექციებს იწვევს 23 კოქსაკვირუს A, 6 კოქსაკვირუს B , 28 ეხოვირუსი, და 5 არაკლასიფიცირებული ენტეროვირუსი.

ენტეროვირუსული ინფექციები გვხვდება ყველა ასაკში, თუმცა გამორჩეულად ხშირად ახალშობილებსა და ბავშვებში. დაინფიცირება ხდება ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით, ასევე რესპირატორული და ორალურ-ორალური გზითაც. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს ძირითადად 3-10 დღეს.

პათოგენეზი: ენტეროვირუსი ადამიანის ორგანიზმში იჭრება კუჭ-ნაწლავის გავლით ან რესპირატორული გზით. რეგიონალური ლიმფური კვანძებიდან ინფიცირების მე-3 დღისთვის გადადის სისხლის ნაკადში (მცირე ვირემია), ვრცელდება ორგანოებში და მე-3-7 დღისთვის ქმნის მეორე ვირემიის ეპიზოდს დაავადების პროდრომის განვითარებით. ინფექციის საწინაამდეგო ანტისხეულების გამომუშავება ხდება მე-7-10 დღისთვის. კოქსაკვირუსი რეპლიცირდება ხახაში (ჰერპანგინა), კანში (ხელ-ფეხისა და პირის დაავადება), მიოკარდიუმში (მიოკარდიტი), და მენინგეალურ გარსებში( ასეპტიური მენინგიტი). ასევე ვრცელდება თირკმელზედა ჯირკვალში, პანკრეასში, ღვიძლში, პლევრასა და ფილტვებში. ეხოვირუსი რეპლიცირებს ღვიძლში (ღვიძლის ნეკროზი), მიოკარდიუმში, კანში (ეგზანთემა),მენინგეალურ გარსებში, ფილტვში და თირკმელზედა ჯირკვალში. პოლიოვირუსი მრავლდება პირ-ხახაში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. შემდეგ შეიჭრება ზურგის ტვინის წინა რქების მოტონეირონების უჯრედებში და ნეირონების გასწვრივ იწყებს გავრცელებას თავის ტვინისაკენ. შესაბამისად, პერიფერიული მოტონეირონების გარდა შესაძლოა, დააზიანოს თავის ტვინის ღერო, შუა ტვინი, ჰიპოთალამუსი, თალამუსი, ნათხემი და ქერქის მოტორული უბნები.

კლინიკური გამოვლინებები: არაპოლიო ენტეროვირუსული ინფექციების 90% არის ან ასიმპტომური ან იწვევს არასპეციფიურ ცხელებით დაავადებებს. სიმპტომების გამოვლინება მრავალფეროვანია, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობას ახასიათებს ცხელება, ვირუსული პროდრომი, და გასტროინტესტინური სიმპტომები.

არასპეციფიური ფებრილური დაავადება მიმდინარეობს გრიპისმსგავსი სინდრომით: სისუსტე, მიალგია, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ამასთან ერთად კონიუნქტივიტი და დიარეა. დაავადების ხანგრძლივობა 5-7 დღეა და იწვევს ენტეროვირუსების ყველა სუბტიპი.

ჰერპანგინა გვხვდება 3-10 წლის ბავშვებში. ახასიათებს მტკივნეული ვეზიკულები და წყლულები ხახის უკანა კედელზე, რბილ სასასა და ტონზილებზე. თან ერთვის ცხელება, ყელის ტკივილი. გრძელდება 3-7 დღე და თვითგანკურნებადია. იწვევს A ჯგუფის კოქსაკვირუსი, და ზოგჯერ B ჯგუფის კოქსაკვირუსიც.

ხელ-ფეხისა და პირის დაავადება ვლინდება საბავშვო ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში ვეზიკულური გამონაყრით პირ-ხახაში, ხელისა- და ფეხისგულებზე, თითებს შორის. პირის ლორწოვანის ვეზიკულები ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე ჰერპანგინის დროს. ასევე დამახასიათებელია ვირუსული ეგზანთემა მტევნებისა და ტერფების დორზალურ ზედაპირებზე. არავეზიკულური გამონაყარი ვლინდება დუნდულოებზე, კიდურების პროქსიმალურად და გენიტალიებზე. არ ვრცელდება ტანზე ჩუტყვავილისაგან განსხვავებით. ინფექციის ძირითადი გამომწვევია A ჯგუფის კოქსაკვირუსის სეროტიპი 16.

ატიპური ხელ-ფეხისა და პირის დაავადებისათვის დამახასიათებელია პირის ღრუში უფრო იშვიათი დაზიანებები, ვიდრე ტიპიურის დროს, ხოლო კიდურებზე ბულოზური გამონაყარი, რომელიც შესაძლოა, გასცდეს ტერფებისა და მტევნების არეებს. ხშირია ცნობები ფრჩხილების პოსტინფექციური მოცილების შესახებ.

ვირუსული ეგზანთემა მანიფესტირდება წითურას მსგავსი ან როზეოლური გამონაყრით. აქვს მსუბუქი 3-5 დღიანი მიმდინარეობა. გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. იწვევს ექოვირუსები.

ვირუსული (ასეპტიური) მენინგიტი წარმოადგენს მწვავე ცხელებით მიმდინარე დაავადებას, რომელსაც ახასიათებს თავის ტკივილი, ფოტოფობია, კისრის კუნთების რიგიდობა, კერნიგის ნიშანი. ენტეროვირუსით გამოწვეული მენინგიტის შემთხვევაში შესაძლოა, გამოვლინდეს არასპეციფიური გამონაყარი ან პეტექიები. ასეპტიური მენინგიტი თვითგანკურნებადია. შედარებით მძიმედ მიმდინარეობს 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და ენცეფალიტით გართულების შემთხვევაში. 80-90%-ში ასეპტიური მენინგიტის გამომწვევებია B ჯგუფის კოქსაკვირუსი და ექოვირუსები.

ენტეროვირუს 71 პასუხისმგებელია ცნს-ის ისეთ მძიმე ინფექციაზე, როგორიცაა რომბენცეფალიტი/ ტვინის ღეროს ენცეფალიტი. დამახასიათებელია კრანიალური ნერვებისა და ნათხემის დაზიანება. დაავადება შესაძლოა, გართულდეს ფილტვის ნეიროგენული შეშუპებით. სიკვდილობის სიხშირე აღწევს 14%-ს.

პაციენტები მიოკარდიტით ან პერიკარდიტით უჩივიან გულმკერდის არეში ტკივილს, სისუსტეს, ფიზიკური დატვირთვისას ქოშინს. შესაძლოა გართულდეს არიტმიით და გულის უკმარისობით. გულის დაზიანების ძირითადი გამომწვევია B ჯგუფის კოქსაკვირუსი, და ასევე ექოვირუსები.

პლევროდინია (ბორნჰოლმის დაავადება) იწყება უეცრად უნილატერალურად გულმკერდის ქვედა ნახევარში ძლიერი ტკივილით. ამას შეიძლება, ზოგჯერ თან ერთვოდეს მუცლის ლოკალური ტკივილი და ღებინება, მუცლის კუნთების მტკივნეულობა. შესაძლოა განვითარდეს რესპირატორული დისტრესი ან შოკის მსგავსი მდგომარეობა. კუნთების სპაზის დროს აუსკულტაციით ისმის პლევრის ხახუნი. გამომწვევია კოქსაკვირუს B.

ენტეროვირუს 70-თან და კოქსაკვირუს A 24-თან ასოცირდება ძლიერ კონტაგიოზური მწვავე ჰემორაგიული კონიუნქტივიტი.

ენტეროვირუსების ზოგი შტამი ვრცელდება ტრანსპლაცენტარულად და იწვევს ნაყოფის და ახალშობილების მძიმე დისემინირებულ დაავადებას.

პოლიომიელიტის არსებობს რამოდენიმე კლინიკური ვერიანტი, მათ შორის:1. აბორტული ფორმა, მიმდინარე ცხელებითა და რესპირატორული ან გასტროინტესტინური სიმპტომებით; 2. არაპარალიზური ფორმა, ანუ ასეპტიური მენინგიტი; 3. პარალიზური ფორმა- კიდურებში ასიმეტრიული დუნე დამბლები, უპირატესად პროქსიმალური კუნთების ჩართვით და მგრძნობელობის სრული შენარჩუნებით, და ბულბარული პოლიომიელიტი.

ლაბორატორიული კვლევები: ენტეროვირუსული ინფექციის დიაგნოზი უხშირესად ეყრდნობა პაციენტის კლინიკურ შეფასებას ისეთ კრიტერიუმებთან ერთობლიობაში, როგორიცაა ასაკი, საეჭვო ეპიდემიოლოგიური მონაცემები. ენტეროვირუსის აღმოჩენისათვის მოწოდებულია უჯრედული კულტურა, სეროლოგიური მეთოდები, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ). ვირუსის კულტურის მიღება შესაძლოა განავლიდან, ცხვირ-ხახის ნაცხიდან, და მენინგიტის შემთხვევაში ცერებრო-სპინური სითხიდან (ცსს).ენტეროვირუსის სეროლოგიური დეტექცია ხდება სპეციფიური იმუნოგლობულინის (IgM) აღმოჩენით ან ანტისხეულების ტიტრის 4-ჯერადი მატებით მწვავე პერიოდიდან 2-4 კვირაში. სეროტიპების მრავალფეროვნების გამო ეს მეთოდი არ არის პრაქტიკული, თუ არ არის ეჭვი კონკრეტულ ტიპზე, მაგ.: ექოვირუსზე ან კოქსაკვირუსზე. ენტეროვირუსის ტიპის დადგენისათვის, როგორც დიაგნოსტიკის ასევე ეპიდემიური აფეთქების დროს ინფექციის იდენტიფიკაციის თვალსაზრისით, მოწოდებულია სპეციფიური ანტიგენის ან ანტისხეულის კვლევები(იმუნოფლუორესცენცია, ELISA და სხვ.) ან რევერს-ტრანსკრიპტაზა პჯრ მეთოდი ვირუსული რნმ-ის დეტექციისათვის.

ენტეროვირუსული მენინგიტის დროს ცერებრო-სპინურ სითხეში ვლინდება ასეპტიური მენინგიტისათვის დამახასიათებელი ცვლილებები. ლეიკოციტების რაოდენობა ძირითადად მერყეობს 25-500 უჯ/მმ3 ფარგლებში, დაავადების პირველ 2 დღეს ნეიტროფილების, შემდეგ ლიმფოციტების სიჭარბით. ცილის დონე ნორმის ფარგლებშია ან მცირედ მომატებული (80-100 მგ/100 მლ). გლუკოზის დონე არ იცვლება.

დამხმარე ლაბორატორიული კვლევები (სისხლში ლეიკოციტები, ნეიტროფილები, და სხვ.) გვეხმარება ბაქტერიული ინფექციის დიფერენცირებაში.

მკურნალობა: ენტეროვირუსული ინფექციების საუკეთესო მკურნალობა პრევენციაა. პოლიოვირუსისთვის რეკომენდირებულია ვაქცინაცია, რისთვისაც მოწოდებულია ინაქტივირებული პოლიო-ვაქცინა და ატენუირებული ცოცხალი ვაქცინა. არაპოლიო- ენტეროვირუსული ინფექციებისათვის მკურნალობა სიმპტომურია ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, პირში გამოსავლები და სხვა საშუალებებით. მძიმე შემთხვევებში, ახალშობილთა და იმუნოკომპრომისულ (მაგ, თანდაყოლილი აგამაგლობულინემია) პაციენტებში გამოიყენება იმუნოგლობულინი, რომელიც ყოველთვის ეფექტური არ არის.

 

Comentários


bottom of page