კვლევებმა აჩვენა, რომ სახლში ალერგენების დონის დაქვეითებას შეუძლია შეამციროს ასთმის სიმპტომები იმ დაავადებულ ბავშვებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ამ ალერგენების მიმართ. ამის საწინააღმდეგოდ, Urban Environment and Childhood Asthma (URECA) -ს კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე ასთმის განვითარებამდე, ზოგიერთი ალერგენისა და ბაქტერიის ზემოქმედებამ შეიძლება დაიცვას ისინი ხიხინებისა და ასთმის წინამორბედი სიმპტომების განვითარებისგან.
2005 წლიდან URECA-ს მკვლევარებმა დაარეგისტრირეს 560 ახალშობილი ბალტიმორიდან, ბოსტონიდან, ნიუ-იორკიდან და სენტ-ლუისიდან, რომლებიც იყვნენ ასთმის განვითარების მაღალი რისკის მატარებლები, იმიტომ რომ სულ მცირე ერთ მშობელს მაინც ჰქონდა ასთმა ან ალერგია. მიმდინარე კვლევები ფინანსირდება NIH-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის მიერ (NIAID).
URECA-ს ჯგუფის ახალი ანგარიში აფასებს 7 წლის ასაკის ბავშვებს. მათ ჰქონდათ 442 ბავშვის საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ შეეფასებინათ ასთმის მდგომარეობა. დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში "ალერგია და კლინიკური იმუნოლოგია" 2017 წლის 19 სექტემბერს.
442 ბავშვიდან 130 (29%)-ს ჰქონდა ასთმა 7 წლის ასაკში. ბავშვების სახლებიდან სიცოცხლის პირველი 3 წლის განმავლობაში (3 თვის, 2 და 3 წლის ასაკში) აღებულ მტვრის ნიმუშებში ტარაკნების, თაგვების და კატების ალერგენების გაცილებით მაღალი დონეები დაკავშირებული იყო ასთმის განვითარების უფრო დაბალ რისკთან 7 წლის ასაკში. ანალოგიური ასოციაცია გამოვლინდა ძაღლების ალერგენების მიმართ, მაგრამ ის არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და ჩაითვალა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალბათობას.
კვლევისას ასევე აღმოაჩინეს კავშირი სახლის მტვერში არსებულ გარკვეული ტიპის ბაქტერიებსა და ასთმის დიაგნოზს შორის 7 წლის ასაკში. ეს შედეგები ადასტურებენ წინამორბედი კვლევის მონაცემებს იმის შესახებ, რომ ადრეულ ასაკში გარკვეული ბაქტერიების ზემოქმედებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ასთმის განვითარებაზე. თუმცა ამ რთული ურთიერთკავშირების დასადგენად საჭიროა დამატებითი გამოკვლევები.
"ჩვენი დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ შინაგანი ალერგენების, ბაქტერიების და მათი პროდუქტების ფართო სპექტრის ზემოქმედებამ სიცოცხლის ადრეულ სტადიაზე შეუძლია შეამციროს ასთმის განვითარების რისკი", - ამბობს URECA -ს მთავარი მკვლევარი დოქტორი ჯეიმს ე. ჰერნი ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან. "დამატებითი კვლევები დაგვეხმარება ასთმის პროფილაქტიკის სტრატეგიისთვის კონკრეტული მიზნების დადგენაში".
მკვლევარები გააგრძელებენ ბავშვებზე დაკვირვებას. ამ და სხვა ჯგუფების მიმდინარე გამოკვლევები მიმართულია იმისკენ, რომ დადგინდეს, თუ როგორ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა გარემო ფაქტორებს ასთმის განვითარებაზე.
Comments