top of page

პოლინოზი


პოლინოზი კლასიკური ალერგიული დაავადებაა, რომელის საფუძველი სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციაა. დაავადება უძველესი დროიდანაა ცნობილი და უწოდებენ ყვავილის მტვრისადმი ალერგიას. მას „თივის ცხელების“ სახელითაც მოიხსენიებდნენ, რაც არასწორია, რადგან გამომწვევი არა თივა, არამედ ყვავილის მტვერია.

პოლინოზისთვის დამახასიათებელია თვალების და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების, კანის მწვავე ალერგიული ანთება. ზოგჯერ პროცესში ერთვება საჭმლის მომნელებელი, გულ-სისლძარღვთა, შარდ-სასქესო და ნერვული სისტემები.

დაავადებისთვის დამახასიათებელია ყოველწლიურად განსაზღვრულ ერთ და იგივე დროს, სეზონურად გამოვლენილი მეტნაკლებად განმეორებითი სიმპტომები. მისი ყველაზე ხშირი გამოვლენა ალერგიული რინიტია 95-98%, კონიუქტივიტი 91-95%, მცენარის მტვრისმიერი ბრონქული ასთმა 30-40%.

ყვავილის მტვრის მარცვლები შეიცავენ ალერგენული ცილების დიდ რაოდენობას და გარემოში ვრცელდება ქარით ან გადააქვთ მწერებს. დაავადების ყველაზე ხშირი გამომწვევია მცენარეთა 3 ჯგუფი:

1. მარცვლოვნები - ჭანგა, კოინდარი, წივანა, თივაქასრა, ხორბალი, შვრია, ჭვავი, ტიმითელა, მელაკუდა.

2. ხეები - არყის ხე, ნეკერჩხალი, მურყანი, თხილი, წიფელი, თელა, ტირიფი, ალვის ხე, ჭადარი.

3. სარეველები - ამბროზია, ბაბუაწვერა,ზიზილა,მრავალძარღვა, ავშანი, მჟაუნა, ჭინჭარი, ოქროწკეპლა.

ხეები მტვერს იძლევიან იანვრიდან მაისამდე, მარცვლოვნები-მაისიდან ივლისის ბოლომდე, სარეველები კი-ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე. ამის შესაბამისად, პოლინოზით ავადობის 3 პიკი აღინიშნება.

კლინიკა - თვალების ქავილი, წვა, სიწითლე, ცრემლდენა, ქავილი ცხვირ-ხახის მიდამოში, პროფუზული ჩამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. მწვავე ალერგიულ რინიტს შეიძლება თან ახლდეს ევსტახიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი. პროგრესულად მიმდინარე პოლინოზის შემთხვევაში დაავადების დაწყებიდან 3-5 წელიწადში ყალიბდება ბრონქული ასთმა.

დიაგნოსტიკა - ალერგოლოგიური ანამნეზი: დაავადების სეზონური მიმდინარეობა, დამოკიდებულება ამინდზე, სიმპტომების გაძლიერება სახლიდან გასვლისან ქალაქგარეთ გასეირნების დროს. ფიტოპრეპარატების, მცენარეული საკვების აუტანლობა,შთამომავლობაში ატოპურიდაავადება.

პოლინოზის სპეციფიკური დიაგნოსტიკა - კანის, პროვოკაციული სინჯები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები (საერთო და სპეციფიკური Ig E-ს განსაზღვრა). სხვა კვლევები- სისხლში, ნახველში ეოზინოფილები, ცხვირის დანამატი ღრუების R-გრაფია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა.

მკურშნალობა: ალერგენების ელიმინაცია, სეზონის წინარე ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია ანუ სპეციფიკური ალერგოვაქცინაცია და დაავადების გამწვავების დროს ფარმაკოთერაპია. ეს უკანასკნელი კი უნდა გვახსოვდეს არ იძლევა მყარ ეფექტს მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ.

ფარმაკოთერაპია - ანტიჰისტამინური საშუალებები, ტოპიკური და სისტემური კორტიკოსტეროიდები, კრომონები, დეკონგენსტატები, ანტილეიკოტრიენული პრეპარატები, ანტიქოლინერგული საშუალებები.

რჩევები:

გამწვანება არაალერგენული მცენარეებით, საცხოვრებელ ბინაში მცენარეული მტვრის კონცეტრაციაზე კონტროლი (ფანჯრების დახურვა, ჰაერის დამატენიანებელი და გამწმენდი მოწყობილობის, კონდიციონერის, წყლის მტვერსასრუტის გამოყენება). მზიან, ქარიან ამინდში სახლიდან გასვლაზე თავის შეკავება; დიეტიდან იმ პროდუქტების შეზღუდვა, რომელთაც აქვთ ჯვარედინი ალერგენული თვისებები, ფიტოთერაპიის აკრძალვა. პოლინოზის დროული დიაგნოსტიკა, ადექვატური ფარმაკოთერაპია და ალერგენსპეციფიკური იმუნოთერაპია.



მურმან კიკვიძე

ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

Comments


bottom of page