- ხერხემლის რა სახის მანკები გვხვდება ბავშვებში? - ხერხემლის განვითარების მანკი თანდაყოლილი პათოლოგიაა. განასხვავებენ მანკების ორ დიდ ჯგუფს: ხერხემლისა და ნეკნების (ჩონჩხის) განვითარების მანკებს და ჩონჩხის ანომალიებთან კომბინირებულ ზურგის ტვინის განვითარების დარღვევებს. ორივე შემთხვევაში აღინიშნება ხერხემლის ფუნქციის შეზღუდვა ან მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც არცთუ იშვიათად თან სდევს ცვლილებები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა რგოლებისა (კიდურები) და შინაგანი ორგანოების მხრივ. ჩონჩხის (ხერხემლის) განვითარების მანკები კლინიკურად გამოვლინდება ფრონტალურ ან საგიტალურ სიბრტყეში ხერხემლის თანდაყოლილი გამრუდებისა და კიფოზების სახით. ამ დეფორმაციების მიზეზია ხერხემლის თანდაყოლილი ანატომიური ცვლილებები ძირითადი რკალის დონეზე. სწორედ ამით განსხვავდება თანდაყოლილი გამრუდება (სკოლიოზი, კიფოზი) დისპლაზიურისგან, რომლის დროსაც ხერხემლის განვითარება ნორმიდან ზომიერადაა გადახრილი და ხშირად პათოლოგიური ცვლილებები ძირითადი რკალის გარეთ მდებარეობს. მეორე განსხვავება კი ისაა, რომ თანდაყოლილი პათოლოგიები გამოვლინდება სიცოცხლის პირველსავე წელს, ხოლო დისპლაზიური - გაცილებით მოზრდილ ასაკში. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თანდაყოლილი გამრუდება გამოვლინდება ორგანიზმის სწრაფი ზრდის - პუბერტატულ ასაკში ან შემთხვევით ხერხემლის გასინჯვის დროს. თანდაყოლილია თუ დისპლაზიური გამრუდება, ამის დადგენაში გვეხმარება დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდები. კომბინირებული მანკების მქონე ბავშვები არიან თანატოლებზე დაბლები, შეზღუდული აქვთ მოძრაობა.
- რა განსხვავებაა სკოლიოზსა (ხერხემლის გამრუდებას) და ტანდეგობის დარღვევას შორის? - სკოლიოზი ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც მალების დეფორმაციით, მყესებისა და კუნთების სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარეობს. ტანდეგობის დარღვევა კუნთების ტონურ-ძალოვანი დისბალანსით არის განპირობებული. ეს პროცესი პრაქტიკულად შექცევადია, რადგან ამ დროს ხერხემლის საყრდენი სტრუქტურა არ იცვლება. ტანადობის დარღვევის მიზეზი ისაა, რომ სხეულის ფიზიოლოგიური მდებარეობის შენარჩუნებაში არ მონაწილეობს ერთი ან რამდენიმე კუნთი, რასაც, თავის მხრივ, სხეულის პოზებისა და მოძრაობის მარეგულირებელი ნერვული ცენტრების შეცდომები განაპირობებს.
- როგორ უნდა შეამჩნიოს მშობელმა ხერხემლის გამრუდება? - დაკვირვებული მშობლის თვალს არ გამოეპარება ხერხემლის გამრუდება, მაგრამ არცთუ იშვიათად ეს პათოლოგია მაშინ გამოვლინდება, როდესაც ბავშვს ეწყება ტკივილი, დისკომფორტი ზურგის არეში და სხვა. ამდენად, მნიშვნელოვანია ხერხემლის დათვალიერების ცოდნა: ბავშვი ბუნებრივად კარგად განათებულ ოთახში შეიყვანეთ. გახადეთ ტანსაცმელი და დატოვეთ ტრუსების ამარა. დააყენეთ იატაკზე ისე, რომ ზურგზე სინათლე თანაბრად ეცემოდეს და ხელები თავისუფლად ჰქონდეს დაშვებული ტანის გასწვრივ. თქვენ მის ზურგს უკან 2-3 მეტრის მოშორებით სკამზე დაბრძანდით და დაათვალიერეთ:
სიმეტრიულად აქვს თუ არა განლაგებული ყურები, მხრები, ბეჭის ძვლები, ჩაღრმავებები გავის ძვალს ზემოთ, დუნდულების ნაოჭები და თავად დუნდულები;
Comments